„ჩვენი ხელისუფლება ძალიან ხისტი და მკაცრი იქნება კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვერანაირი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია, ეს ინიციატივა ყველას შეეხება.
„ჩვენმა ხელისუფლებამ წლინახევრის წინ განაცხადა, რომ იქნება ძალიან ხისტი და მკაცრი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. არავის უნდა ეგონოს, რომ რაიმე ინდულგენციით სარგებლობს, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და საჯარო მოხელეა. ეს ინიციატივა შეეხება ყველას, ვინც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემა გარკვეულ დანაშაულზე, ის შეავსებს 30 წლის განმავლობაში დეკლარაციას“ , – აღნიშნა რურუამ.
შეგახსენებთ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.