თამარ ჩიბურდანიძე: ევრობიუროკრატები არ დაგმობენ საქართველოში 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეების მხრიდან ჩადენილ ძალადობას, იმიტომ, რომ მათ დაგეგმეს ეს არეულობა და მათი ფულით განხორციელდა ეს ყველაფერი
„ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე „დიფ სთეითის” მიერ ევროპაში მართული ძალების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე რეაგირების არარსებობას ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს. როგორც ჩიბურდანიძე აცხადებს, ძალები, რომლებიც დგანან რადიკალური პროცესების უკან, არასოდეს დაგმობენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს.
თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ „დიფ სთეითის” მართული ძალები გათვლას ისევ ახალგაზრდებზე აკეთებენ და იმ ადამიანებზე, რომლებიც დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები.
„როგორ შეიძლება პიროვნებამ, ან პოლიტიკურმა ჯგუფმა [ევრობიუროკრატებიდან] დაგმოს მის მიერ დაგეგმილი ქმედება. რას ველით მათგან – დაგმონ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა? ისინი არ დაგმობენ ამ ქმედებას, იმიტომ, რომ მათ დაგეგმეს არეულობა, მათი ფულით განხორციელდა ყველაფერი, მათი ზურგით აკეთებდა ჩვენი ოპოზიცია ამას, მათგან წახალისებული და გათამამებული პიროვნებები იდგნენ რუსთაველზე და ლეწავდნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოს შესასვლელს.
ისინი არასოდეს დაგმობენ ამ ქმედებას, პირიქით, ამ ძალადობას ამართლებენ კიდეც. ისევ ახალგაზრდობაზე მუშაობენ, იმ ფენაზე, რომელიც ჯერ კიდევ გაბრუებულია დეზინფორმაციით. ამართლებენ რადიკალების ქმედებას. თუკი, მანამდე ჭეშმარიტი დემოკრატიის ფასეულობებზე აკეთებდნენ აქცენტს რაც მდგომარეობდა იმაში, რომ არ შეიძლება ძალადობა, რომ პოლიციელი სახელმწიფოს სახეა და მის წინააღმდეგ მოქმედება სახელმწიფოზე განხორციელებული დარტყმაა, რომ არ შეიძლება სახელმწიფოს გადატრიალება და ა.შ, ახლა პირიქითაა, რადგან მათ აწყობთ ძალადობის წახალისება და იარლიყების მიწებება (რაც გრძელდება, მაგრამ ეს უკვე აღარ ჭრის საქართველოში. ის რაც დღეს საქართველოში ხდება, პირდაპირ კავშირშია იმ გლობალურ ცვლილებებთან, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.