შალვა პაპუაშვილი დაკავებულ ექიმზე: თუ ეყო იმის სითამამე პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შესულიყო, პასუხისმგებლობაც უნდა მიიღოს

,,თუ ეყო ამ ადამიანს იმის სითამამე, რომ კანონი დაერღვია, შესულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში, იმის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მიიღოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 71 წლის ექიმზე, გიორგი ჩახუნაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა.

„ეს ადამიანი [გიორგი ჩახუნაშვილი] პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა, სხვებსაც მიუთითებდა რომ იქ შესულიყვნენ. თუ ეყო ამ ადამიანს იმის სითამამე, რომ კანონი დაერღვია, შესულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში, იმის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მიიღოს. ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არაა, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა – არა. როდესაც რაღაც ნაბიჯზე მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო, ის სითამამეც უნდა გქონდეს, რომ პასუხისმგებლობა მიიღო ამასთან დაკავშირებით.

ყველას აქვს რაღაც პროფესია. დამნაშავეებსაც თავისი პროფესია აქვთ – ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია ვერ მოხდება და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ. არის ცხადი, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, დაიწყო ასრულება ამ მოწოდების და პირდაპირ ეთერში ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში.

სხვათა შორის შემდეგ ერთ-ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ სახეები დაბლარა, რომ მაყურებელს აღარ ენახა. რატომ აღარ უნდა გვენახა?! ანუ ხელს აფარებენ დამნაშავეებს. აბსოლუტური სისულელეა რაზეც საუბრობენ – ადამიანების დისკრიმინაცია პროფესიის მიხედვით არ ხდება, არც ასაკის, არც წარმომავლობის და არც კანის ფერის მიხედვით. ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, შსს-ს და სამართალდამცავი უწყებების ვალდებულებაა, რომ მოიძიონ. თუ ეყოთ იმის სითამამე, რომ 4-ში 4 საათზე ქვეყნის დამხობაზე წასულიყვნენ, კეთილი ინებონ და ეყოთ ის სითამამე, რომ მიიღონ ის სასჯელი, რომელიც ქვეყნის წარუმატებელ დამამხობლებს ეკისრებათ.

რაც შეეხება [დაკავებულთა] რაოდენობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არანაირი დათქმები არ არსებობს. არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა. სახელმწიფო მომზადებულია იმისთვის, რომ არავის მისცეს საშუალება ქვეყანა დაამხოს, ამოატრიალოს, 90-იან წლებში დააბრუნოს და სისხლის გუბეები აყენოს და ქაოსი ქალაქში. რამდენიც გამოვლინდება და დააკმაყოფილებს სისხლის სამართლებრივ დევნის სტანდარტებს, ზუსტად იმდენ ადამიანს მისცემენ პასუხისმგებლობაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები