გიორგი გრძელიშვილი: საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე, რაც წარმოუდგენელია, თუმცა, ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა, რომ „ხშირ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ხდება ისე, რომ ამის არც ფიზიკური, არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს“.

გიორგი გრძელიშვილის განცხადებითვე, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ვეღარ გაგრძელდება მსგავსი მცდელობა, რადგან იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ხდება ისე, რომ ამის არც ფიზიკური, არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ვგულისხმობ ხალხის რაოდენობას. ვხედავთ იმას, რომ ეს ადამიანები მიზნად ისახავენ, თუნდაც, რამდენიმე საათით ქუჩის გადაკეტვას და ამას მცირე გამარჯვებად თვლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი, თუმცა ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ.“- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები