კახა კალაძე – ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტაზე: მგონია, რომ კიდევ დარჩენილია გონიერი ხალხი, ვინც სწორ შეფასებას გააკეთებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე მგონია, რომ კიდევ დარჩენილია გონიერი ხალხი ვინც სწორ შეფასებას გააკეთებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.
„მუდმივი შანტაჟი და მუდმივი მუქარა კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყნის ინტერესები არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ჩვენმა წინა თაობებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს და არა ვინმეზე დამოკიდებული. ქართველი ხალხი არის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფალი, ვის უნდა ანდოს ქვეყნის მთავრობა და ხვალინდელი დღე.
ეს თითის დაქნევით საუბრები გარედან, არ არის სწორი. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროპულ მომავალზე, გვინდა ისეთი ევროპა, სადაც არის სამართლიანობა, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, კერძო საკუთრება, ბიზნესი დაცულია. დღეს ყველაფრისგან დაცლილია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.