კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა დედაქალაქში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა და პრობლემები – ყველა მიმართულება ჩვენთვის არის პრიორიტეტული

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა დედაქალაქში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა და პრობლემები. ყველა მიმართულება ჩვენთვის არის პრიორიტეტული, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ის, რაზეც ვსაუბრობდი არჩევნების პერიოდში და კამპანიის დროს, რა თქმა უნდა, ყველა თემა არის პრიორიტეტული, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავია ბიუჯეტში აღნიშნულ მიმართულებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მოწესრიგებას, ხელმისაწვდომობის გაზრდას.

დავაანონსეთ ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტები, ტრამვაი დაუბრუნდება დედაქალაქს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტრამვაის პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში არ ვსაუბრობდით, მიმდინარეობდა შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. დღეს ყველაფერი დადებული გვაქვს და ვიცით რა გვჭირდება, რა როგორ უნდა გაკეთდეს, გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. უკვე დავიწყეთ პროექტის განხორციელება, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, პირველი პროექტია ამდენი ათეული წლის მერე, ქალაქს უბრუნდება ტრამვაი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო. მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, თბილისს ძალიან უხდებოდა, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში ქალაქს წაართვეს ეს ტრანსპორტი და მე მიხარია, რომ ვარ თანამონაწილე ამ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის.

იგივე შემიძლია ვთქვა მეტროს გაფართოებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ახმეტელის და მარჯანიშვილის მეტროსადგურზე ვაკეთებთ ახალ ამოსასვლელ, ჩასასვლელებს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ შესაძლებლობა იმისა, რომ მეტმა ადამიანმა გამოიყენოს და ის პრობლემა, რაც გვქონდა რამდენიმე წლის წინ ახმეტელის მთავარ ჩასასვლელში, განსაკუთრებით პიკის საათებში იყო პრობლემა. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მოსახლეობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება იზრდება და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

იგივე შემიძლია ვთქვა ვარკეთილის ხაზზე დაგრძელდება 1,100 კილომეტრით და დაახლოებით 7000-მდე ადამიანს მიეცემა ყოველდღიურად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მეტროსთან. რამდენიმე წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან ცენტრალური თანხმობის და მხარდაჭერის გარეშე, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.ჩვენთვის გამოწვევაა ეს სფერო. ბოლო წლების განმავლობაში შემცირებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ, დაახლოებით 40%-ით გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება .

მინდა შევეხო სამი საბაგიროს პროექტს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გარდა ამისა ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემა, რომელიც არის დედაქალაქში, ეს არის მოძველებული ლიფტები, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. გვინდა მთლიანად ჩავანაცვლოთ ყველა ავარიული და მოძველებული, ახალი თანამედროვე ლიფტებით.

ისევ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურას, სერიოზული გამოწვევებია დედაქალაქში. დაგეგმილი გვაქვს დიდი გამზირების განახლებით სამუშაოები.

დავაანონსეთ ბეთანიაში სათხილამურო ტრასის მოწყობა, რაც ძალიან მაგარია და ვფიქრობ იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, სადაც სეზონის ყველა დროს შესაძლებელი იქნება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამოყენება.

იგეგმება პარკების და სკვერების განახლება, რეკრეაციული არეალების მოწყობა, დავაანონსეთ ახალია ატრაქციონების პარკის მოწყობა, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს ამ პროექტის განხორციელებაში. გარდა ამისა ზოოპარკის გადმოტანა გვაქვს უკვე დაწყებული, ცხოველების გარკვეული ნაწილი უკვე გადაყვანილია, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გრძელდება სამუშაოები. ქალაქში ზოოპარკი აღარ იქნება. ის ტერიტორია, სადაც ძველი ზოოპარკი იყო, იქნება რეაბილიტირებული და ახალი რეკრეაციული სივრცე მზიურის პარკს შეუერთდება. ზოოპარკს დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიტანთ.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ასრულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას. დაახლოებით 22 ათასი მგზავრის გადაყვანა შეეძლება სარაჯიშვილიდან თბილისის ზღვის მიმართულებით არსებულ საბაგიროს. აღნიშნული მიმართულებით მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო. ჩვენ ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, დღეს ყველაფერი გამზადებულია და შეგვიძლია პროექტების დაწყება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები