კახა კალაძე: პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ვისმენთ, ლოგიკას მოკლებულია, თუ ვინმეს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოიყვანოს – 215 ათასი მხარდამჭერი დედაქალაქში პატარა რაოდენობა არ არის

პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ვისმენთ, ლოგიკას მოკლებულია. თუ ვინმეს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოიყვანოს. 215 ათასი მხარდამჭერი დედაქალაქში პატარა რაოდენობა არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ უპასუხებს ოპოზიციის ნარატივს, რომ მან არჩევნებში თბილისელების ხმების 20% მიიღო.

„ერთ-ერთ ჟურნალისტს ვუპასუხე, რომ მათემატიკა მათი [ოპოზიციის] ძლიერი მხარე არ იყო. სპეკულაციები გასაგებია, თუმცა ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ მათ კიდევ ერთხელ მიუჩინა შესაბამისი ადგილი. 2017 წელს მივიღე პირველად არჩევნებში მონაწილეობა როდესაც დედაქალაქის მერი გავხდი და მაშინ დაახლოებით 204 ათასი ხმა მივიღე. პირველივე ტურში მივაღწიე გამარჯვებას. შემდეგ იყო 2021 წელი. ამას მთლად თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დავარქმევდით, რადგან 43%-იანი ბარიერი იყო შემოღებული და თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. აქაც დაახლოებით 214 ათასი ხმა მივიღე.

თბილისელებმა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და 215 ათასზე მეტი ხმა მივიღეთ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა და პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ვისმენთ, ლოგიკას მოკლებულია. თუ ვინმეს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოიყვანოს. 215 ათასი მხარდამჭერი დედაქალაქში პატარა რაოდენობა არ არის. ხალხი ელოდება უკვე პროექტებს, სიახლეებს ქალაქთან დაკავშირებით და მე ჩემს გუნდთან ერთად შევასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც გაიცა კამპანიის დროს“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები