ზურაბ ქადაგიძე: EPP, ბალტიისპირელი თუ სხვა, უცხოელი ოდიოზური პოლიტიკოსები ღიად უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობას”, რითაც პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ექსტრემიზმს ახალისებენ
„EPP, ბალტიისპირელი, პოლონელი თუ უკრაინელი პოლიტიკოსები რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის”, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კურატორები იყვნენ და უცბად აღმოაჩინეს, რომ მათ აღარავინ არაფერს არ ეკითხება. ამ ეტაპზე კი ისინი, თავიანთ ჩრდილოვან დამკვეთებთან ერთად, აღარც მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებით არიან დაკავებულები”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, EPP, ბალტიისპირელი თუ სხვა ოდიოზური პოლიტიკოსები ღიად უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობას”, რითაც პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ექსტრემიზმს ახალისებენ.
„როცა 4 ოქტომბრის ტერორისტული აქტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, პირდაპირ ეთერშივე ვხედავდით ამ ბალტიისპირელი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ „მშვიდობიან დამხობას”, თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს სიტყვათა შეთანხმება ოქსიმორონია, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არავითარი მშვიდობიანი პროცესები იქ არ მიმდინარეობდა.
ზოგადად, 4 ოქტომბერს საქართველოში მესამედ იყო მცდელობა ინტერვენციის გზით მომხდარიყო ის უბედურება, რაც ერთხელ 1991 წელს დაატეხეს თავს საქართველოს, ხოლო მეორედ – 2003 წელს. აქამდე ასე ღიად და პირდაპირ ეს პროცესი არსად შეგვხვედრია. რაც მთავარია, ამას ლაიტმოტივად მისდევდა EPP-სა და სხვა, ოდიოზური უცხოელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა, რაც [რა თქმა უნდა, მიუღებელია]”, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.