ირაკლი ჭეიშვილი: დასრულდა საქართველოში რევოლუციების და გადატრიალების ხანა
“დასრულდა საქართველოში რევოლუციების და გადატრიალების ხანა,” -ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე.
„რა განცხადებებს ველით ევროპარლამენტარებისგან და კონკრეტული ჯგუფისგან, რომლებიც საქართველოში როგორ მოახდინონ რევოლუცია, იმაზე ფიქრით ატარებენ დილას თუ ღამეს?! ამ ადამიანების დადგმული და დაგეგმილი იყო 4 ოქტომბრის ყველა პროცესი თავიდან ბოლომდე. ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერი მათი განცხადება მოისმინეთ, ევრო პარლამენტარები იქნებოდნენ თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ლიდერი. თავიდან ბოლომდე მათი დახაზული იყო, როგორც მოქმედებდნენ ჩვენი შიდა მტრები 4 ოქტომბრის საღამოს პრეზიდენტის სასახლესთან. გეგმა იყო ასეთი, უნდა შესულიყვნენ პრეზიდენტის სასახლეში, უნდა აეღოთ. შემდეგ გადაინაცვლებდნენ პარლამენტში, შემდეგ მთავრობის კანცელარიაში და ასე უნდა აეღოთ ადმინისტრაციული შენობები და უნდა მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. ნურას უკაცრავად. ქართული სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე. პოლიცია დგას თავის სიმაღლეზე. დასრულდა საქართველოში რევოლუციების და გადატრიალების ხანა. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.