აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების დამატებითი მხარდაჭერის მიზნით ფინანსური რესურსი გამოიყოფა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლებს შეხვდა, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა, რაც აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს. მიღებული დაფინანსება დაეხმარება მათ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ აფხაზეთის სახელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ შემოქმედებით კოლექტივს იმ დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში იჩენენ აფხაზეთის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

ჩემი გადაწყვეტილებით, კოლექტივებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, რაც მათ საშუალებას მისცემს, წლის ბოლომდე გამართონ გალა-კონცერტი ან მოაწყონ გასტროლი. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს აფხაზეთის სახელის კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“, აფხაზეთის სახელმწიფო თეატრ „აზდაკის ბაღის“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს კულტურის სამსახურის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები