“მსხვერპლი ის პოლიციელები არიან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ – ის ადამიანები კი, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ, მსხვერპლი და კონსტიტუციის დამცველები ვერასდროს იქნებიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულების საკითხს გამოეხმაურა.
„მთელმა მსოფლიომ ცალსახად იხილა თბილისში, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. მოძალადეთა ნაწილი დაკავებული არიან და ჩვენი ქვეყანა უმძიმეს პროცესებს და ვითარებას გადაურჩა. ეს ყველაფერი ჩვენ 90-იანებში ვნახეთ და გავიარეთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას: ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა და ა.შ. – ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ პროცესებში შესვლის წინაპირობა, რომლიდანაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გამოვიდეს, რადგან ძალადობის შედეგად მოსული აგენტურული ხელისუფლება სწორედ იმ გეგმების განხორციელებას დაიწყებს, რისთვისაც დასავლეთიდან ამ ძალების აფინანსებენ.
რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოების თვალთახედვით მთელმა საქართველომ ეს ყველაფერი არ დავუშვით – აქ პირველ რიგში არის სახელმწიფოს, ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების ფილიგრანული მუშაობის შედეგი, მეორე და ასევე და უმთავრესი, საზოგადოების უდიდესი ნდობაა – მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება აირჩია. ამ ადამიანებს დემოკრატია არ მოსწონთ, უსამშობლო აგენტურული ხალხია, პერსონები და მასზე აყოლილი ადამიანების ჯგუფი, რომელთა მიმართებითაც შეგვიძლია აბსოლუტურად იგივე ვთქვათ. ვერავინ ვერ დააჯერებს საქართველოში ვერავის, რომ მიზანი ადამიანისა, რომელიც დამხობის გამოცხადებულ აქციაზე მიდის, საბოლოოდ, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა არ არის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.