ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ არჩევნების დღეს გიღალატა, მილიონები დახარჯე და საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“

ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ორი დიდი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე არ გავიდა და ნორმალურ სიტუაციაში ყველას ორჯერ, სამჯერ მაღალი შედეგი უნდა ჰქონოდა.

„მგონი, ახლა ამომრჩეველი დაინახავს მალე, რომ უბრალოდ, სხვა პარტიები აღარ არსებობენ, თუ რამე მათგანი იყო. თუ ხაზარაძეს რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. წარმოიდგინეთ, მილიარდერმა ადამიანმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და შენ წინააღმდეგ პროპაგანდა ჩაგირთო, მილიონები დახარჯე და თბილისის საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, არადა, ჩვენ რეკლამაში რამდენიმე ათეული ათასი დავხარჯეთ. უბრალოდ, არასერიოზულია მასშტაბი რესურსების და შედეგის. თან, პირიქით უნდა მომხდარიყო, ორი დიდი ოპოზიციური პარტია არ გავიდა არჩევნებზე და ნორმალურ სიტუაციაში ყველას უნდა ჰქონოდა ორჯერ, სამჯერ მაღალი შედეგი. მარტო ჩვენ გავაუმჯობესეთ შედეგები სინამდვილეში და რეალურად, თუ შევხედავთ პრაგმატულად, ჩვენ გავძლიერდით კიდევ ამ არჩევნებში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, გახარია უკვე არ არსებობს, როგორც პარტია, მათ შორის, მათი შედეგებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად სამართლიანად აგებს პასუხს 4 ოქტომბრის დამხობაზე და აქვს მოლოდინი, რომ ხალხი, რომელიც ციხეში ზის და ვინც გადაურჩა პასუხისმგებლობას, გამოვლენ და ვიღაც იკისრებს საკუთარ თავზე „ნაც ამომრჩევლის“ შეგროვებას და ახალი რაღაც ფორმის მიცემას.

„რეალურად, ახლა, ამ მომენტისთვის, ჩვენ გარდა პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობენ. ბოლო დღეები, ან ბოლო კვირებია მათი არსებობის, მე ასეთი განცდა მაქვს. ბოიკოტმა დაზიანებით ყველა დაგვაზიანა, მაგრამ ჩვენ ყველაზე ნაკლებად დავზიანდით. იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტობრივად, რა ვიცი, ყველა დიდ ქალაქში საკრებულოში გავიყვანეთ ადამიანი და ბევრ რეგიონში უფრო მეტი ხმაც ავიღეთ, ვიდრე წინა წელს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები