ნინო წილოსანი – 4 ოქტომბრის მოვლენებზე: აღმოჩენილი დიდძალი იარაღი, უკრაინიდან შემოგზავნილი ასაფეთქებელი საშუალებები და ა.შ. ქმნიდა წინაპირობას, რომ გაჩენილიყო სხვადასხვა კერები, რომელსაც ვერ უნდა მორეოდა ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა
იმ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რაც ჩვენ 4 ოქტომბერს ვიხილეთ, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში, სამართალდამცავი უწყებები უმაღლეს დონეზე მუშაობენ და აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესების დაგეგმვაში მონაწილეობა მიიღო და ახორციელებდა.
„აბსურდია იმაზე საუბარი, რომ რაღაც დაუმტკიცებელი ბრალდებაა ეს – ჩვენ ვხედავდით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ჩვენ წინასაარჩევნოდ დიდხანს გვემუქრებოდნენ, რომ გადაგვაყირავებდნენ და არ არსებობს „მშვიდობიანი დამხობა“ ისევე, როგორც არ არსებობს „კეთილი მკვლელობა“ და ა.შ. ყველა ის მუქარა, რასაც თავადვე აცხადებდნენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ გამოუვიდოდათ და სახელმწიფო არ იდგა სათანადო დონეზე. ეს აუცილებლად იქნება შესაბამისად პასუხგაცემული კანონის მიხედვით ისე, როგორც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს შეესაბამება.
ბატონი ზოდელავა „მამაკაცური ძალით“ გვემუქრებოდა და, როგორც ჩანს, ეს მამაკაცური ძალა არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, როგორც თავად მოელოდნენ. ეს ჩემი პოლიტიკური შეფასებაა, რადგან ჯერ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ეს ყველაფერი, თუმცა, აღმოჩენილი დიდძალი იარაღი, საქართველოში უკრაინიდან შემოგზავნილი ასაფეთქებელი საშუალებები და ა.შ. ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ ეს არ ყოფილიყო ცეცხლის ერთი კერა და პარალელურ რეჟიმში, გაჩენილიყო სხვადასხვა კერები, რომელსაც ვერ უნდა მორეოდა ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა.
რატომ წავიდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ – იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, რომ ის ყველაზე ნაკლებად დაცული ობიექტი იყო, რატომღაც ამგვარ ინფორმაციას ფლობდნენ. გვემუქრებოდნენ, რომ შსს-ის და გდდ-ის თანამშრომლები აპირებდნენ [მათ მხარეს] გადასვლას, ეს იყო – „ბოლის შექმნა“, მათი ერთ-ერთი კარგი ტაქტიკა, რომ შექმნან „ბოლი“ და ამ „ბოლში“ ვინც მოჰყვება და დაბოლდება“, ეს ადამიანები გამოიყენონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.