ირაკლი კირცხალია: ვინც ასე ვთქვათ, ფრონტზეა და ფუტკარივით შრომობს სამშობლოსთვის, ყველას დიდ მადლობას ვუხდი – როგორც რიგითი ქართველი მოქალაქე, ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ ამ ბიჭებს, ამ სამსახურების წარმომადგენლებს
ძალოვანი თუ არაძალოვანი სტრუქტურა, ყველა, ვინც ასე ვთქვათ ფრონტზეა და ფუტკარივით შრომობს სამშობლოსთვის, ყველას დიდ მადლობს ვუხდი. როგორც რიგითი ქართველი მოქალაქე, ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ ამ ბიჭებს, ამ სამსახურების წარმომადგენლებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს 4 ოქტომბრის აქციაზე, ასევე შემდგომ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
„არ დავტოვებ არცერთ შესაძლებლობას, სადაც მადლობას არ გადავუხდი იმ სამსახურებს, რომელი სამსახურებიც ხედავთ, თუ როგორი მოწოდების სიმაღლეზე მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბატონი გეკა გელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ბატონი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სამსახური, ბატონი ანზორ ჩუბინიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თითოეული ის ადამიანი, რომელზეც დგას ნებისმიერი თავმოყვარე და ძლიერი სახელმწიფო, ძალოვანი თუ არაძალოვანი სტრუქტურა, ყველა, ვინც ასე ვთქვათ ფრონტზეა და ფუტკარივით შრომობს სამშობლოსთვის, ყველას დიდ მადლობს ვუხდი. როგორც რიგითი ქართველი მოქალაქე, ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ ამ ბიჭებს, ამ სამსახურების წარმომადგენლებს. მათ რეალურად თვისობრივად ახალ ეტაპზე აჰყავთ თითოეული ეს უმნიშვნელოვანესი სამსახური“, – აღნიშნა კირცხალიამ.
მისი თქმით, ვინც 4 ოქტომბერს აქციაზე მივიდა, ყველამ მონაწილეობა მიიღო იმ აქციაში, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფოს დამხობა იყო.
„როდესაც ომში ჩართვას მომიწოდებდი, ელჩი გაიწვიე, სად იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, აქაური დიპლომატიური მისიები, ერთ განცხადებას რომ არ აკეთებდნენ? სად იყვნენ ცეცხლი რომ ეკიდა პარლამენტს, რამდენიმე დღის წინ კი პრეზიდენტის სასახლეს შტურმით რომ იღებდნენ? ვხედავდით რა განცხადებებს აკეთებდნენ [მაია] სანდუ და ბოდიში საზოგადოებასთან და სანდუს პატენტი – სალომე ზურაბიშვილი. ღალატი, გაქცევა, დაგმობა, გადაბრალება – ეს ნაციონალური მოძრაობის მორალური სახეა. თითოეულმა მათგანმა, რომელიც მივიდა და მონაწილეობდა ამ აქციაში, იცოდეს, რომ მიიღო მონაწილეობა (თუნდაც არაძალადობრივად) იმ აქციაში, რომლის მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოს დამხობა“, – აღნიშნა კირცხალიამ.