საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, დაკავშირებადობის სფეროებში თანამშრომლობის დღის წესრიგზე, რა დროსაც ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კატარის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
მინისტრმა კატარელ დიპლომატს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.