ლევან მაჭავარიანი – ეუთო/ოდირის განცხადებაზე: ვხედავთ მიკერძოებულ განცხადებას, თან რაღაც ურთიერთგამომრიცხავი წინადადებებით
„ვხედავთ მიკერძოებულ განცხადებას, თან რაღაც ურთიერთგამომრიცხავი წინადადებებით,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთო/ ოდირის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
მისივე თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს.
„ამ შემთხვევაშიც ვხედავთ მიკერძოებულ განცხადებას, თან რაღაც ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები ეწერა. საერთოდ, რატომ ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში? რა ეუთო/ოდირის საქმეა ის გამოძიება, რაც მიმდინარეობს? გაუგებარია. თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კარგად გადაახვიონ კადრები და ნახონ, თუ როგორი შტურმი ხორციელდებოდა პრეზიდენტის სასახლეზე. იქ იყო პირდაპირი დამხობის გეგმა, რომელიც ჩავარდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ეუთომ საქართველოში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა, სადაც ერთდროულად გამოხატავს შეშფოთებას ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო და ამავე დროს მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.