მახაშვილი – ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნაზე: როცა ძალადობას თავის სახელს ვერ არქმევენ, რა პირით შეუძლიათ, საქართველოს მოსახლეობას ესაუბრონ? – ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან
“გაღმა შეედავე, გამოღმა შეგედავებიანო. სახელმწიფო დამხობის ანონსს თვეების განმავლობაში ვისმენდით”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნაზე საუბრისას აცხადებს.
როგორც მახაშვილი ამბობს, ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნა სანქციების დაწესებაზე არსებითად მცდარ, დამახინჯებულ და გამრუდებულ შეფასებებს ეფუძნება.
„ეს არ იყო, რომ ვიღაცას თავში რაღაც ექსპრომტად მოუვიდა. სახელმწიფო დამხობის თეატრალურ წარმოდგენას, რომელსაც თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებდით, ჩავარდა. ახლა შეუძლიათ, გამზადებული ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები გვერდზე გადადონ და ძალადობას ძალადობა დაარქვან. როცა ძალადობას თავის სახელს ვერ არქმევ, მაშინ რა პირით შეუძლიათ, საქართველოს მოსახლეობას ესაუბრონ? – ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. მათი მოთხოვნა სანქციების დაწესებაზე არსებითად მცდარ, დამახინჯებულ და გამრუდებულ შეფასებებს ეფუძნება“, – ამბობს მახაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია – „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.