მაჭავარიანი – მარინა ჩიტაშვილის განცხადებაზე: მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ აქციებზე ყოფილიყო მსხვერპლი, დაღვრილიყო სისხლი, რათა ამას მეტი აჟიოტაჟი შემოეტანა ჩვენს საზოგადოებაში
“მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ აქციებზე ყოფილიყო მსხვერპლი, დაღვრილიყო სისხლი, რათა ამას მეტი აჟიოტაჟი შემოეტანა ჩვენს საზოგადოებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
აღნიშნულით ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარინა ჩიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ “4 ოქტომბერი არარაციონალურად იყო დაგეგმილი და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ამ მოვლენებს გასროლა სისხლი და მსხვერპლი მოჰყვებოდა”.
“ეს ქალბატონი არის “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი და პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ლორა თორტონთან, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მან პირდაპირ გაიდლაინი გადასცა 2024 წლის არჩევნების წინ რადიკალურ ოპოზიციას. ალბათ გახსოვთ, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ უნდა გადაეყვანა საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში რადიკალურ ოპოზიციას და შემდეგ – ქალბატონი ლორა თორტონის გულისწყორმა, როდესაც მან განცხადება გააკეთა ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით და იგი გამოთქვამდა ძალიან დიდ იმედგაცრუებას, რომ იქ მსხვერპლი ვერ ნახა. შესაბამისად, ზუსტად ანალოგიური სტილით მოქმედებს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ აქციებზე ყოფილიყო მსხვერპლი, დაღვრილიყო სისხლი, რათა ამას მეტი აჟიოტაჟი შემოეტანა ჩვენს საზოგადოებაში,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.