პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი დაკავებულის აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს – პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები