“არცერთი ბრალდებული არ უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, ტელევიზიით ვიხილეთ, თუმცა, ამ ყველაფერს არ ცნობენ დანაშაულად” – პროკურორი
“არცერთი ბრალდებული არ უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, ტელევიზიით ვიხილეთ, თუმცა, ამ ყველაფერს არ ცნობენ დანაშაულად და ამბობდნენ, რომ ეს მათ ჩაიდინეს მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტული მოტივით”, – ამის შესახებ პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი აცხადებს.
ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პაატა ბურჭულაძისთვის, მურთაზ ზოდელავასთვის, ირაკლი ნადირაძისთვის, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძისთვის პატიმრობის შეუფარდების საკითხს მედიასთან აფასებს.
“ფაქტობრივ გარემოებებს და ქმედებებს სადავოდ არ ხდიან და აცხადებენ, რომ – კი, ნამდვილად მათ მიერ მოხდა აღნიშნული ქმედების განხორციელება და ჩადენა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს სასამართლო შეაჯამებს. საქმეში მოიპოვება მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს და დაზარალდნენ, ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებით. არსებობს სხვადასხვა სახის დათვალიერების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებს 5-ვე ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივ ქმედებების ჩადენას”, – აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, ხუთივე დაკავებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება ბრალად.