უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო სამ თვეში, ამოღებულია 2300 მეტრზე მეტი სიგრძის სხვადასხვა ტიპის ბადე და 15 ერთეული თევზმახე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტ ყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.

ბოლო 3 თვეში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა შავი ზღვის სანაპიროზე, თიქორის არხზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე – ხობისწყალი, ტეხურა, ენგური, კაპარჭინა, მუნჩია, ყორათი, ჭანისწყალი, აბაშისწყალი, ჩოლოქი, აჭარისწყალი, მტკვარი, ქსანი და ქუსნო.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა დედაქალაქშიც, თბილისის ზღვაზე.

ღონისძიებების შედეგად ამოღებულია, ჯამში 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე, 300 მეტრი გასაჭიმი ბადე, 2 ერთეული მახე-ბადე, 13 ერთეული თევზმახე – ე.წ. „გოდორი“ და „ფაცერი“.

თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეებში დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები