თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ძუძუს კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად,  მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება და თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რაც შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

„აღსანიშნავია, რომ 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები