გივი მიქანაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პირველკურსელებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და რეგიონის განვითარების კუთხით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სწავლის დაწყება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართულობით წარმოდგენილი იყო პავილიონები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინოვაციურ აქტივობაში. მინისტრმა უნივერსიტეტის ეზოში განთავსებული პავილიონები დაათვალიერა და ახალგაზრდების გამოგონებებსა და მათ მიერ შექმნილ სამეცნიერო პროექტებს გაეცნო.
უნივერსიტეტში ასევე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მიზანი იყო სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში ქართველმა მეცნიერებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროების განვითარების მიმართულებით არაერთ აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.