საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპის გეგმას ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ. მათ შეუერთდა არაერთი არაბული და ისლამური ქვეყანა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც ეხება ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დასრულებას ღაზას სექტორში. „
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც გამოთქვა მხარდაჭერა ტრამპის გეგმის მიმართ .
“ღაზაში ომის დასრულების ეს ახალი ინიციატივა მისასალმებელია და მე მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მისი ლიდერობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის მცდელობებს, დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები, გაათავისუფლოს მძევლები და უზრუნველყოს ღაზას მოსახლეობისთვის დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული დახმარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სტარმერმა მოუწოდა ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების დასასრულებლად და მის განსახორციელებლად.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა „უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, დასრულდეს ღაზაში საშინელი ომი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან.
“ჰამასმა ის უნდა გამოიყენოს. მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია ჰამასზე გავლენის მოხდენა, ახლავე გააკეთოს ეს“, – თქვა მან და დასძინა, რომ გერმანიის მთავრობა მზადაა , გეგმის განხორციელებისთვის კონკრეტული მხარდაჭერა გამოხატოს.
იტალიის მთავრობამ ასევე მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს , „გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა და მიეღოთ გეგმა“.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ მოუწოდა მხარეებს „გამოიყენონ ეს მომენტი, რათა მშვიდობას რეალური შანსი მიეცეს“.
“ღაზაში არსებული ვითარება აუტანელია. ბრძოლა უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
საუდის არაბეთის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ინდონეზიის, პაკისტანის, თურქეთის, კატარის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მიესალმნენ დონალდ ტრამპის „გულწრფელ მცდელობებს“ ღაზას სექტორში ომის დასრულების მიმართულებით და გამოთქვეს ნდობა მისი შესაძლებლობების მიმართ, იპოვოს მშვიდობისკენ მიმავალი გზა.
მინისტრებმა “კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, დადებითად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან და კონფლიქტის მხარეებთან, რათა მიაღწიონ შეთანხმებას და განახორციელონ ის ისე, რომ უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონის ხალხებისთვის“.
შეგახსენებთ, აშშ-ის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა თეთრმა სახლმა გუშინ გამოაქვეყნა. ის, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ ისრაელის მიერ დამტკიცებიდან 72 საათის განმავლობაში, “ჰამასის” მიერ დაკავებული ყველა ისრაელელი მძევალი უნდა გათავისუფლდეს. სანაცვლოდ, ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს და თანდათანობით გაიყვანს თავის ჯარებს ღაზას სექტორიდან.