კახა კალაძე: ჩემი საქმიანობა წარმოუდგენელია ჩემი გუნდის ჩართულობის გარეშე, რომლებიც ჩემთან ერთად, დაუღალავად შრომობენ ქალაქის საკეთილდღეოდ

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ის გუნდი, რომელთან ერთადაც წლებია მუნიციპალიტეტში საქმიანობს და მომდევნო წლებშიც ქალაქის მთავრობაში იქნებიან. ამის შესახებ მან ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასასრულს ისაუბრა.

კახა კალაძემ მათ მომავალ ოთხ წელში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჩემი საქმიანობა წარმოუდგენელია ჩემი გუნდის, იმ ადამიანების უშუალო ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რომლებიც ჩემთან ერთად, დაუღალავად შრომობენ ქალაქის საკეთილდღეოდ. რადგან დღეს ვასრულებთ საზოგადოებისთვის დაგეგმილი პროექტების გაცნობას, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც ქალაქის მთავრობაში კვლავ ჩემთან ერთად იქნება და ერთგულად მოემსახურება თბილისსა და თბილისელებს.

⁠ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, იგი ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. ყველა პროექტი, რაც დედაქალაქში გაკეთდა, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. ის თბილისის მუნიციპალიტეტს სულ რამდენიმე თვის წინ შემოუერთდა, თუმცა უკვე შემოიტანა მნიშვნელოვანი ინიციატივები და პროექტები. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე.

⁠მინდა, ვიხმო ჩვენი გუნდის უცვლელი, ერთგული და დაუღალავი წევრი – ირაკლი ბენდელიანი, რომელიც 2017 წლიდან დღემდე მერის მოადგილის პოსტს იკავებს. ირაკლი ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამ კუთხით გაკეთებული საქმეები კი ვფიქრობ, ყველაზე თვალსაჩინოა ქალაქში. მინდა მას მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვო წარმატებები!”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

⁠ამასთან, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა მოადგილე ანდრია ბასილაიას და კახა აბულაძეს, რომლის კანდიდატურაც ასევე წარდგენილია მოადგილის თანამდებობაზე.

„ჩვენი გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული წევრია ანდრია ბასილაია, რომელიც წლებია ერთგულად ემსახურება მუნიციპალიტეტს. იგი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას ხელმძღვანელობს, რომლის განვითარებაც, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, თუ ინიციატივა. ასე რომ მისი პროფესიონალიზმი და ხედვა კვლავ სჭირდება თბილისს.

და ბოლოს, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, კახა აბულაძე, რომლის კანდიდატურაც მერის მოადგილის თანამდებობაზე გუშინ წარვადგინე. იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს. ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას კახა წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე.

დღეს, მე მხოლოდ ვიცე-მერი და მოადგილეები წარვადგინე, თუმცა, ჩვენი გუნდი საკმაოდ დიდია და მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებისთვის! 30 000-მდე ადამიანი ემსახურება თბილისს. კიდევ ერთხელ ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ ქალაქზე ზრუნვით არ დავიღლებით, რადგან შემდეგი ოთხი წელი კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი დედაქალაქისთვის. ვიღაცები გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ თუ ისინი გაიმარჯვებენ, გააჩერებენ ყველაფერს. ეს გაუგებარია და ასეთ ადამიანებს ქალაქთან არაფერი ესაქმება. ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია იზრუნოს თბილისზე, თბილისელებზე, ეს არის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, – განაცხადა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები