JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ქ. ლონდონში, JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – „განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობები” მიიღო მონაწილეობა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე საუბრისას ეკატერინე გუნცაძემ ხაზი გაუსვა ფინანსური ბაზრების როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში.
კონფერენციის პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან, სადაც მათ გააცნო საქართველოს ეკონომიკური ვითარება და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საქართველოს ევროობლიგაციების რეფინანსირების შესახებ.
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელმა, მათ შორის: Eaton Vance, RBC BlueBay Asset Management, Morgan Stanley Investment Management, Franklin Templeton, JP Morgan Asset Management და სხვა.