საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, წილკანში, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სათბური დაათვალიერა

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავი დიხტერი და საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ-ჰაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძესთან ერთად, წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ჰიდროპონიკის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური დაათვალიერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰიდროპონიკის სისტემა ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანის შესაძლებლობას იძლევა, რაც პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და ფერმერების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. წილკნის ბაზაზე ჰიდროპონიკის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური 2023 წელს, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით აშენდა.

„ჩვენთვის პრიორიტეტია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათი გამოცდილების გაზიარება, რათა ფერმერებს მივაწოდოთ თანამედროვე ცოდნა და ხელი შევუწყოთ მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას. ისრაელის მხარდაჭერით შექმნილ ჰიდროპონიკის სათბურებში მიმდინარე ტრენინგები ფერმერებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ.

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავი დიხტერმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; გრძელვადიან მიზნებზე საუბრის დროს აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას სადემონსტრაციო ჰაბი, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, აგრონომები და ფერმერები შეძლებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, დელეგაციის წევრებს ბაზაზე მიმდინარე საქმიანობა და სათბურში განხორციელებული პროექტები გააცნო.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად ახორციელებს მუშაობას ჰიდროპონიკის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური ფერმერებისა და სტუდენტების გადამზადების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ბაზაზე ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც ინოვაციური მეთოდების პოპულარიზაციასა და პრაქტიკული ცოდნის გავრცელებას ემსახურება“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები