რას ფიქრობს ქართული საზოგადოება: “ის, რაც კაცს ეპატიება, ქალს არ ეპატიება“ – გამოკითხვის შედეგები

ის, რაც კაცს ეპატიება და შეიძლება ცუდად არ გამოჩნდეს – ქალს არ ეპატიება. მით უმეტეს, თუ პრეტენზია გაქვს, რომ იყო კარგი დედა, – ამბობს კახელი ქალბატონი, რომელიც კავკასიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროს ლიდერი ჯგუფის – „ეი-სი-თის“ (ACT) მიერ ჩატარებული კვლევისას გამოიკითხა.10726609_962693817091968_527591585_n
გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში „აი-სი-თის“ მიერ გენდერულ თანასწორობაზე საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ მომზადებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში კაცი უფრო თავისუფალია ვიდრე ქალი. კაცის „მეტი თავისუფლება“ და, შესაბამისად, ქალის თავისუფლების შეზღუდულობა გამოხატულებას პოულობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ცხოვრების სტილში, ცხოვრების დაგეგმვაში და სხვა მსგავს დეტალებში. კაცი უფრო თავისუფლად მიიჩნევა როგორც ოჯახის შიგნით, ისე ოჯახის გარეთ.
ასე, მაგალითად, თვისებრივი კვლევის შედეგების თანახმად, მონაწილე ქალების აზრით, კაცისთვის მისაღებია ღამე ქუჩაში ყოფნა, ქალისთვის კი მსგავსი ქცევა ნაკლებად მისაღებია. კაცის შემთხვევაში ჩვეულია აქტიური სოციალური ცხოვრება (მაგალითად, ხშირი და ხანგრძლივი ქეიფი), ქალის ანალოგიურმა ქცევამ კი შეიძლება მის სოციუმში მის მიმართ ნეგატიური კომენტარები გამოიწვიოს.
მიიჩნევა, რომ მამაკაცს უფრო მეტი რამ „ეპატიება“ ქალისგან განსხვავებით. ასე, მაგალითად, საზოგადოებას უფრო ტოლერანტული დამოკიდებულება აქვს კაცის ღალატის მიმართ, მაშინ როდესაც ქალის მიერ კაცის ღალატი მიუღებელია.
ზოგადი საზოგადოებრივი დამოკიდებულებები, სტერეოტიპები, რწმენები და კვლევაში მონაწილე ქალების კომენტარები ასეთია: „თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ ქცევის მიხედვით, რასაც ვუყურებ მამაკაცი უფრო თავისუფალი გამოდის“. [სამეგრელო, ქალაქი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„ქალს არ შეუძლია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, მაინც ქმარს ეკითხება. მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, თუ კაცს არ ვკითხე, ისე რამე გადავწყვიტო. ყველაფერშია ეს“. [სამეგრელო, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„ღამის პერიოდში ქალი თავისუფლად გინახია სადმე? […] რომ გახვიდე გარეთ სეირნობდე, რა უნდა ამ შუაღამისასო, იტყვიან“. [კახეთი, ქალაქი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„ერთი სოფელია სამეგრელოში და ეზოს გარეთ გასული ქალი სირცხვილია. ერთ სოფელში არის ეს მასობრივად“. [სამეგრელო, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„მე შემეფერება რესტორანში კაცივით ორი დღე, დავუშვათ, სმა?! და კაცებს ხომ ეპატიებათ? ზოგჯერ შეიძლება ვერ დამირეკოს ჩემმა ქმარმა, ისე იყოს იქ, მაგრამ მე ვურეკავ და ვიცი ხომ და იმან ვერ მოიფიქრა, იმიტომ რომ კაცია მაინც და ვიცით, რომ კაცებს რაღაცები ეპატიებათ. მაგრამ მე არ გავაკეთებ ამას. ლამაზი იქნება, გოგონებო, თქვენ რომ მე დამინახოთ ახლა, რომ აი, მაგალითად, რესტორანში ვზივარ“. [კახეთი, ქალაქი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„მე არ მესმის და ვერ დავადგინე, რატომ ეპატიებათ მამაკაცებს ქორწინებამდე, ან ქორწინების მერეც ღალატი და რატომ არ ეპატიებათ ქალებს? ბევრი ქალისგან გამიგია, რა მოხდა კაციაო“! [კახეთი, სოფელი, 20-35, უმაღლესი განათლება]
„ის, რაც კაცს ეპატიება და შეიძლება ცუდად არ გამოჩნდეს – ქალს არ ეპატიება. მით უმეტეს, თუ პრეტენზია გაქვს, რომ იყო კარგი დედა. შეიძლება ქმარმა გიღალატოს, მაგრამ შენ ვერ უღალატებ. იცი, რატომ? შენ შენს შვილებს უნდა მისცე მაგალითი. დედის სიძლიერე ამაშიც გამოიხატება“. [კახეთი, ქალაქი, 20-35, უმაღლესი განათლება]
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საკუთარი პირადი ცხოვრების დაგეგმვაში, საკუთარი მომავლის განსაზღვრაში და პროფესიის არჩევაში კაცი უფრო თავისუფალია, ვიდრე ქალი. ამასთან, ზოგადად, მიიჩნევა, რომ საქართველოში ქალებისა და კაცების უფლებები თანაბრად არ არის დაცული – გამოკითხულთა 52% იზიარებს ამ მოსაზრებას. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ არსებობს საკმაოდ მკაფიო ქცევის მოდელები, რომელთა მიხედვით ქალს „მოეთხოვება“ ქართულ საზოგადოებაში ცხოვრება. ეს მოდელები ეხება როგორც ყოველდღიურ აქტივობებს (მაგალითად, თამბაქოს მოწევა, ან ქალის მიერ ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება) ისე, პირად ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს (მაგალითად, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა ან გათხოვება).
თავისთავად, ქცევის მოდელების არსებობა საკმაოდ ჩვეული მოვლენაა და სხვადასხვა კულტურაში შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნას აღქმული ის, თუ რა სახის ქცევა არის მისაღები თუ მიუღებელი. თუმცა, საინტერესოა, რომ ქართულ საზოგადოებაში მისაღები ქცევის მოდელები განსხვავებულია ქალისა და კაცის შემთხვევაში. როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, საზოგადოება განსხვავებულად აღიქვამს იმას, თუ რა ასაკში არის მისაღები ესა თუ ის ქცევა ქალისა და კაცისთვის.
ზოგადად, ყველა დასახელებული აქტივობის შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი საერთოდ არ მიიჩნევს ამა თუ იმ ქმედებას მისაღებად („არ არის დასაშვები არც ერთ ასაკში“). აქაც აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ აქტივობას უფრო მეტი გამოკითხული მიიჩნევს მიუღებლად ქალისთვის, ვიდრე კაცისთვის. ასე მაგალითად, მოსახლეობის 50% არ მიიჩნევს მისაღებად ქალის მიერ ძლიერი ალკოჰოლური სასმელის მოხმარებას, ხოლო მხოლოდ 10 % – კაცისთვის. სიგარეტის მოწევა მიუღებელია გამოკითხულთა 77%-ის აზრით ქალისთვის, ხოლო 41%-ის აზრით, კაცისთვის. მშობლებისგან ცალკე ცხოვრება ქორწინებამდე და პარტნიორთან თანაცხოვრება ქორწინების გარეშე ასევე უფრო მიუღებელია ქალისთვის, ვიდრე კაცისთვის (42% ქალი და 30% კაცი; 57% ქალი და 45% კაცი). რაც შეეხება სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას ქორწინებამდე, ამ შემთხვევაშიც გამოკითხულთა უფრო დიდი რაოდენობა მიიჩნევს მსგავს ქცევას არამართებულად ქალისთვის (68%), ვიდრე კაცისთვის (31%). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ქალმა, როგორც მარტოხელა მშობელმა, გააჩინოს ბავშვი. გამოკითხულთა 62% არ ამართლებს ქალს იმ შემთხვევაში, თუ მას სურს გააჩინოს შვილი ქორწინების გარეშე.10733689_962693820425301_753736428_n
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში განსხვავებულია ქალაქის და სოფლის ტიპის დასახელებების მაცხოვრებელთა დამოკიდებულებები. სოფლის მოსახლეები უფრო სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევიან – მათი 76% არ ამართლებს ქალის სურვილს ქორწინების გარეშე გააჩინოს ბავშვი მაშინ, როდესაც ამ საკითხისადმი ნეგატიურად განწყობილი ქალაქის მაცხოვრებელების წილი შედარებით მცირე, თუმცა მაინც საკმაოდ დიდია (50%).
„ეი-სი-თიმ“ კვლევა 2013 წელს ჩაატარა. „ეი-სი-თი“ოჯახური და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამოდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შედეგები აქტუალური და საყურადღებო იყო როგორც მაშინ, ისე დღეს, როდესაც ოჯახური და გენდერული ძალადობის ფაქტებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები