პაპუაშვილი – ზურაბიშვილი-ხიდაშელზე: ეს ორი მოღალატე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა, თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს საქართველოს ისტორიაში
“რაც შეეხება ამ ორ ქალბატონს, რომელიც იქ ისხდა და საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას, მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ექნება სათანადო ადგილი. წარმოიდგინეთ, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისცეს ჩვენება ამერიკის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილისა და თინა ხიდაშელის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ სხდომაზე კელი დეგნანის დანახვით ყველაფერი ნათელი გახდა.
“ერთადერთი, ვინც უნდა გამოეკითხა ამ კომისიას, თუკი მართლა აინტერესებთ რაღაც პროცესების ახსნა, იყო კელი დეგნანი. ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის PVT-ს გაყალბების საკითხზე. დღეს დადასტურებით ვიცით, რომ ISFED-მა გააყალბა PVT, ვიცით დადასტურებით, რომ USAID-მა იცოდა, რომ PVT ყალბი რიცხვები იყო და დიდი ალბათობით, 99%-იანი გარანტიით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა იცოდა, რომ ეს იყო ყალბი რიცხვები. USAID-ი ზის საელჩოში, არის სახელმწიფო სტრუქტურა და შეუძლებელია ეს დაემალათ ელჩისთვის. თუ არადა მაშინ ესეც უნდა თქვას. შესაბამისად, 2020 წელს ISFED-ის ჩართვით, USAID-ის დაფინანსებით, იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით და ამაში მონაწილეობდა ბევრი ადამიანი და დღეს ტრამპმაც ამხილა ეს ყველაფერი.
მეორე, რაც ვიხილეთ არის ანტიტრამპისტები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სახით, ამბობდნენ, რომ ტრამპმა რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა და ა.შ. მადლობა ჰელსინკის კომისიას იმისთვის, რომ ასე ერთად ვნახეთ „დიფ სთეითის“ აგენტები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.