გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარისგან დამზადებული დაახლოებით 40 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს და სათანადო რეაგირება მოახდინეს.
უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.