მედია: რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების განსახილველად, ევროკავშირის დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა
ევროკავშირი დაახლოებით ექვსი რუსული ბანკისა და ენერგეტიკული კომპანიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს და ამ კვირაში ევროკავშირის დელეგაცია, შესაძლო ერთობლივი ქმედებების განსახილველად,ვაშინგტონს სტუმრობს,- ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა „Bloomberg“ ავრცელებს.
ევროკავშირი განიხილავს სანქციების პაკეტს, რომელიც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მე-19 იქნება.
ანონიმური წყაროების ცნობით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ თავის ზოგიერთ საკითხს შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას გაუწევს.
„ჩვენ მზად ვართ, რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა“, – განუცხადა კვირას NBC-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
მისი განმარტებით, აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და მეორად ტარიფებზე განიხილავენ იმ იმედით, რომ რუსეთის ეკონომიკის „კოლაფსი“ პუტინს აიძულებს, უკრაინასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების პაკეტი გაამკაცრებს სანქციებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების, მესამე ქვეყნებში ნავთობის მოვაჭრეების მიმართ და შესაძლოა, სიაში შემავალი ტანკერების გადაზღვევის აკრძალვასაც მოიცავდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზაზე გადავიდეს.