საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) ოფიციალურ საინფორმაციო ჟურნალში  საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ პუბლიკაცია „Georgia, Land of Hidden Underground Wonders“ გამოქვეყნდა

პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეების პოპულარიზაციის მიზნით, მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) ოფიციალურ საინფორმაციო ჟურნალში  საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ პუბლიკაცია „Georgia, Land of Hidden Underground Wonders“ გამოქვეყნდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მღვიმეების გამორჩეულ ბუნებრივ სილამაზეზე, მათ ტურისტულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე და დაცული ტერიტორიების სისტემაში მათ როლზე.

აღნიშნული პუბლიკაცია საქართველოს წარმოადგენს, როგორც უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის ქვეყანას და პოპულარულ ეკოტურისტულ მიმართულებას. საქართველოს მღვიმეების მიმართ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და მოგზაურების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც კიდევ უფრო ამყარებს ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის ცნობადობას და მის ადგილს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის რუკაზე.

„აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის კვეთაზე მდებარე საქართველო გამოირჩევა თვალწარმტაცი ბუნებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და უძველესი ტრადიციებით. ქვეყნის ბუნებრივი საგანძურებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი მღვიმეები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში წყლისა და დროის ძალითაა შექმნილი. დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონი მღვიმეების მოყვარულთათვის მართლაც განსაკუთრებული სამკაულია; ორი მღვიმე კი, პრომეთე და სათაფლია, რეგიონის უნიკალურ ბუნებრივ მარგალიტებს წარმოადგენენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) ოფიციალური ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემაა სპელეოლოგიისა და მღვიმეების ტურიზმის მიმართულებით, რომელსაც საერთაშორისო სამეცნიერო და ტურისტული წრეები ფართოდ ეცნობიან.

აღსანიშნავია, რომ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) წევრი 2009 წელს გახდა, რაც მსოფლიო მასშტაბით მათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები