მაია ბითაძე საგამოძიებო კომისიაზე: იმედი მაქვს, შემდგომი ეტაპი იქნება სარჩელის განხილვები, სადაც ნათელი მოეფინება იმ მავნებლობას და სახელმწიფო დანაშაულებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის დროს ატარებდა
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა და იმედი მაქვს, შემდგომი ეტაპი იქნება სარჩელის შემდგომი განხილვები, სადაც ნათელი მოეფინება იმ მავნებლობას და სახელმწიფო დანაშაულებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის დროს ატარებდა“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დადგენილებაში პრაქტიკულად თავი არის მოყრილი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა როგორც საკუთარი ძალით, ასევე მისი სატელიტების მეშვეობით.
„დადგენილებაში პრაქტიკულად თავი არის მოყრილი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა როგორც საკუთარი ძალით, ასევე მისი სატელიტების მეშვეობით, უკვე მმართველობის დასრულების შემდეგ. ადამიანის უფლებების შეზღუდვა, მედია თავისუფლების შეზღუდვა, ეკონომიკური დანაშაულები და ასევე დანაშაული სამშობლოს წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, ეს არის დანაშაულების ნაკრები, რომელიც აისახა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რაზედაც მომზადება სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
ეს იქნება პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოში არავინ აღარასოდეს გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გარე ჩარევებიდან გამომდინარე, ჩვენი რადიკალები ცდილობდნენ, რომ მეხსიერებიდან წაეშალათ 9-წლიანი მმართველობა, ქილიკის საგნადაც გადააქციეს იმ ადამიანების ტრაგედია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 85 ხმით, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილება მიიღო.