“არის მცდელობა, წინასაარჩევნოდ გახურდეს აქტივობები, რომლებმაც შეიძლება, ვნებათაღელვა გააძლიეროს” – მაია ბითაძე
“არის მცდელობა, წინასაარჩევნოდ გახურდეს აქტივობები, რომლებმაც შეიძლება, ვნებათაღელვა გააძლიეროს. ეს არის ზუსტად ის სცენარი, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს რამდენჯერმე”, – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, არავის მიეცემა იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში “ძირგამომთხრელი საქმიანობა გააგრძელოს”.
“დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რომ ეს გეგმა მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ დასუსტდეს საქართველო, საქართველოს ხელისუფლება, რამეთუ ხელისუფლებაში მათი [ოპოზიციის] აზრით მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც უნდა გადააბარონ ამ ქვეყნის სათავეები მარტივად სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.
მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აყოლილია შეძახილებსა და მოწოდებებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კვლავ ისმის, რომ თავი შეიკავონ და დაფიქრდნენ, რადგან გარდა იმისა, რომ ისინი საკუთარ თავს აყენებენ ზიანს, ამ ქვეყანას აზიანებენ. ქვეყნის დაზიანებას და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის საშუალებას არავინ მივცემთ“, – განაცხადა ბითაძემ.