ისანში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ელექტროსადენები კი, მიწისქვეშ განთავსდა. განახლდა გარე განათების ქსელიც და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ აღნიშნული ქუჩა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს სრულიად მოწესრიგებული და განახლებულია. პირველ რიგში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებული გზის საფარი. პროექტით ასევე მოვაწესრიგეთ ტროტუარი, გაჩნდა ახალი საპარკინგე სივრცეები, მოეწყო ეზოში შესასვლელები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზები განთავსდა მიწის ქვეშ. ასევე, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები. ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აწყურის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზაგამყოფი ზოლები და მოეწყო ზებრა გადასასვლელები; დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები; განახლდა და დაემატა საპარკინგე სივრცეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი, მოეწყო პანდუსები.

პროექტის ფარგლებში, გამწვანდა ტერიტორიაზე არსებული 55 თარგი, 2 000 კვ.მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, 800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა.

აწყურის ქუჩაზე, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები