ზურაბ აბაშიძე: ავარიული ისტორიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა დაიცავს როგორც მოქალაქეების საკუთრების უფლებას, ასევე კულტურულ მემკვიდრეობას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას. გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისის ძველი უბნების მთავარი გამოწვევა ავარიული ისტორიული შენობებია. მისივე თქმით, ავარიული ისტორიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა დაიცავს როგორც მოქალაქეების საკუთრების უფლებას, ასევე კულტურულ მემკვიდრეობას.

„ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქალაქსა და განსაკუთრებით, მის უძველეს უბანში – მთაწმინდის რაიონში, მთავარი გამოწვევა ავარიული ისტორიული შენობებია, რომლებსაც რეაბილიტაცია სპეციფიკურად უნდა ჩაუტარდეს, რათა მათ იერსახე შეუნარჩუნდეს. ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების გზებზე დღეს, თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ავარიული ისტორიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა გამოაცხადა, რომელიც დაიცავს როგორც მოქალაქეების საკუთრების უფლებას, ასევე ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. როგორც მან აღნიშნა, იდეა ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს ეკუთვნის და იგი 2026 წლიდან ამოქმედდება.

ამ პროგრამის მიხედვით, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდის ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას, გამოსასყიდი ქონება კი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, საბაზრო ღირებულებით შეფასდება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრამა მოსახლეობის ჩართულობით წარმატებით განხორციელდება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვასა და დედაქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები