თბილისის მერი ალექსიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

საბურთალოს რაიონის გამგეობა, მერაბ ალექსიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების ნაწილზეც.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, იცვლება დაზიანებული წყლის მილები, საკომუნიკაციო ქსელები კი მიწისქვეშ განთავსდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ალექსიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო – მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო სრულად ამორტიზებული, რის გამოც მოსახლეობას სარდაფები და ავტოსადგომები იტბორებოდა. თვითონ ამ კომუნიკაციების კომპანიებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელი ქსელი სად გადიოდა. ახლა ამ ყველაფრის ცვლილება ხორციელდება და ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია განახლდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე 20 სექტემბრისთვის ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებული იქნება, მოეწყობა ტროტუარები, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. აქვეა ერთი შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა; დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, რომელიც აღიჭურვება შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით და ტაქტილური ბილიკებით. ასევე, მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები.

სამივე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.

ადგილზე, კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები