„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად დალაგდება“

რუსეთ- საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად დალაგდება და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! – აცხადებს რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“. ვაჟა ლორთქიფანიძის თქმით, ქართულ მხარეს რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყებას  ევროპა და აშშ-იც ურჩევენ.
„დიალოგი და ურთიერთობის დალაგება აუცილებელია, რასაც რუსეთი მშვენივრად აცნობიერებს. ამასთანავე, ევროპა ძალიან აქტიურობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია უნდა დაიწყოს. მოგეხსენებათ, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და სწორედ ამიტომ, ევროპას სურს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის საფრთხეები, რაც შეიძლება რუსეთის მხრიდან წამოვიდეს. ჩემი ინფორმაციით, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატებიც დაჟინებით ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყოს. ასეთივე არჩევანს აძლევენ ევროპელები და ამერიკელები რუსეთის ხელისუფლებასაც. შეიძლება ითქვას, დღეს შექმნილია ისეთი ფონი, რომ პუტინს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის მზადყოფნა გამოაცხადოს“, – აღნიშნავს ვაჟა ლორთქიფანიძე.
როგორც ვაჟა ლორთქიფანიძე აცხადებს, ის რუსეთის პირველ პირს კარგად იცნობს და მასთან ხშირი შეხვედრებიც ჰქონია.
„პუტინს ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონია მასთან და არ არსებობს პრობლემა, რომელიც მასთან განხილული არ მქონდეს! სხვათა შორის, როცა პუტინი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მას უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს მის ვიზიტს“, – აცხადებს ყოფილი ელჩი.
ვაჟა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მაშინ  საქართველოში ვლადიმერ პუტინის ჩამოსვლას  ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა და ედუარდ შევარდნაძემ მათ ანგარიში გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები