აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორთან თეა ჯუღელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე ისტორიული მეხსიერების დაცვასა და იმ მნიშვნელოვან მისიაზე, რომელსაც უნივერსიტეტი ასრულებს ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.
გიორგი ჯინჭარაძე შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსაც ესაუბრა. შეხვედრის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე გაკეთდა, განსაკუთრებით სამშვიდობო პროცესებსა და ქართულ-აფხაზური დიალოგის გაღრმავების კუთხით.
მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და სამაგალითო პროფესიონალიზმისთვის.