პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული მ.უ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი” და „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.