გურამ მაჭარაშვილი: დიპლომატი რომ უძრავ ქონებას ქირაობს ფავორიტი ადამიანისგან, ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურად მის მხარეს არიან
,,დიპლომატი ქირაობს უძრავ ქონებას ისეთი ადამიანისგან, რომელიც არის მისი ფავორიტი. კონვენციის, დიპლომატიური წესის პირდაპირი დარღვევაა, როდესაც შენ შედიხარ გარიგებაში ისეთ ადამიანთან, რომელიც არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.
მისივე თქმით, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები სუბიექტურად არიან მამუკა ხაზარაძით დაინტერესებული.
„ხაზარაძის მხრიდან არავის უკვირს არც გადასახადების დამალვა და არც თავის არიდება. ადამიანი საკუთარ ქვეყანას და ხალხს სთხოვდა მილიარდ-ნახევარს, თუმცა 7 მილიონის გადახდა აქეთ დაეკისრა იგივე ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლოდ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ დიპლომატი ქირაობს უძრავ ქონებას ისეთი ადამიანისგან, რომელიც არის მისი ფავორიტი ანუ სუბიექტურად დაინტერესებული არიან გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი ამ ხაზარაძით, იმიტომ, რომ აშკარად საჯაროდ არიან მის მხარეს პოლიტიკურად, რაც არ არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად სწორი. მეორე – რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი დარღვევა კონვენციის, დიპლომატიური წესის, როდესაც შენ შედიხარ გარიგებაში ისეთ ადამიანთან, რომელიც არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება.