პროკურორი: ლაშა ცანავა მოტყუებით, თაღლითური გზით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხას –    პატიმრობა მოვითხოვეთ იმიტომ, რომ ეს სავალდებულო და აუცილებელი იყო

,,ის მოტყუებით, თაღლითური გზით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხას და ჰპირდებოდა, რომ დაუმზადებდა საქართველოში 1-წლიან ბინადრობის მოწმობას – ვის რა წარმოდგენები აქვს ერთია და მეორეა თუ რა არის საქმეში, რა მასალებს ეყრდნობა გამოძიება და რა მასალებს ვეყრდნობით ჩვენ, ბრალდების მხარე”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას საქმის პროკურორმა, გიორგი კავსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებამ მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებოდა. მის მიერ ჩადენილია დანაშაული – თაღლითობა. ის მოტყუებით, თაღლითური გზით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხას და ჰპირდებოდა, რომ დაუმზადებდა საქართველოში 1-წლიან ბინადრობის მოწმობას. ის დაკავებულ იქნა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები.

პატიმრობა მოვითხოვეთ იმიტომ, რომ ეს სავალდებულო და აუცილებელი იყო, ამით აცილებული იყო მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. გამოძიება დიდი ხნის დაწყებული არ არის, ამიტომ ბრალდებამ მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, თუმცა ჩემთვის ბევრი რამ არის ცნობილი. ვის რა წარმოდგენები აქვს ერთია და მეორეა თუ რა არის საქმეში, რა მასალებს ეყრდნობა გამოძიება და რა მასალებს ვეყრდნობით ჩვენ, ბრალდების მხარე.

რაც შეეხება ბრალდებულის მიერ სასამართლოში ნათქვამს, მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გადავამოწმებთ.

ასევე, როგორც კი გამოიკვეთება სხვა პირთა დანაშაული, რა თქმა უნდა შესაბამისს რეაგირებას მოვახდენთ“,- განაცხადა გიორგი კავსაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ცანავას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები