პაპუაშვილი: ჩვენი მოსახლეობა გვეკითხება რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას
„ჩვენი მოსახლეობა გვეკითხება რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის ელჩი ბოლო ინტერვიუში საკმაოდ ყალბად, თითქოს წუხილს გამოხატავდა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის.
„გერმანიის ელჩი ბოლო ინტერვიუში ჩემი აღქმით, საკმაოდ ყალბად, თითქოს წუხილს გამოხატავდა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. აქ მაქვს, მარტივი კითხვა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებში ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვთ მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ, არც ერთხელ არ განახლებულა ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად, ექვს თვეში ერთხელ ხდება ნებისმიერი ქვეყნის მონაცემების განახლება. საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ დაიბარეს, ვისთან მივიდა, ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე, კაბინეტებში თუ კორიდორში? ეს ხომ სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე ვებადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია, გერმანიის ელჩს, შემისწოროს, თუ ასე არ არის. გერმანიის ვებადმინისტრატორს თუ რუსეთი არ ავიწყდება, ქვეყანა, რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან და მის მონაცემებს აახლებენ, არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ. სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება, ირანზეც რომ აქვთ ხოლმე ძალიან ემოციური ფონზე, ის არ ავიწყდებათ და ა.შ. მთლიანად, არათუ რეგიონი, მსოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებადმინისტრატორს, მითიურ „აიტიშნიკს“, რომელსაც ვინმემ შეიძლება, დააბრალოს, რომ საქართველო გამორჩა. ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის.
გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ სამწლიანი მისია აკავშირებს, მე პირადად და ჩვენს გუნდში ბევრს, ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან თუ განათლებიდან გამომდინარე გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს. მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო, რა უქნეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად, აგურ-აგურ ნაშენ 30-წლიან მეგობრობას ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის. ხაზს ვუსვამ, რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და ქართულ საზოგადოებაში გერმანიის რეპუტაცია განსაკუთრებით მაღალი იყო. დღეს, როდესაც ადამიანებს ვხვდები, მეკითხებიან, რას სჭირს გერმანიას, რატომ იქცევა ასე ქვეყანა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში. დღეს გერმანია მის ელჩის სახით ქართველი ხალხის თვალში არის წარმოდგენილი ისე, თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძილს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით პასუხი ქართველ ხალხს გაგვცენ. ასევე გვაინტერესებს, მაშინ ის „აიტიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება, ქართველი „აიტიშნიკია“, ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. რასთან გვაქვს საქმე, ამაზე მე პირადად პასუხს ველოდები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.