პაატა მერაბიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა, გალერეა „ვანდასთან” თანამშრომლობით, პირველად უმასპინძლებს პაატა მერაბიშვილის პერსონალურ გამოფენას.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა გაიხსნება 7 აგვისტოს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით. გამოფენის კურატორია ვანდა მუჯირი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები (ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა).
ვანდა მუჯირი: პაატა მერაბიშვილი, მხატვარი, მოქანდაკე და დიზაინერი, მიეკუთვნება ქართველ ხელოვანთა იმ თაობას, რომელმაც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო.
პაატა მერაბიშვილი დაიბადა 1964 წელს, თბილისში. იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის დასრულებისთანავე, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე, გოგი ოჩიაურის სახელოსნოში.
აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ მან მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ გააგრძელა. ის აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებსა და სიმპოზიუმებში, რის შედეგადაც მალევე მოიპოვა აღიარება და პოპულარობა. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან კოლექციებში.
2023 წელს პაატა მერაბიშვილი დაბრუნდა სამშობლოში და პირველად წარდგა ქართული საზოგადოების წინაშე გალერეაში „ვანდა“ გამართული რეტროსპექტული გამოფენით „დე – ფორმაცია“, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ქანდაკებები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
პაატა მერაბიშვილის შემოქმედებაში ნათლად და ორიგინალურად ვლინდება ეროვნული ტრადიციებისა და მოდერნისტული პლასტიკური ხელოვნების სინთეზი. მსოფლიო მხატვრული კულტურის, მასალებისა და ტექნოლოგიების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით, მოქანდაკე ქმნის საკუთარ, მრავალფეროვან მხატვრულ სამყაროს. როგორც ტრადიციების მიმდევარი, ის თავის ნამუშევრებში ოსტატურად აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებას, რაც მის ინდივიდუალურ მხატვრულ ენას განსაზღვრავს.
მიუხედავად აბსტრაქტული ხასიათისა, რომელიც პაატა მერაბიშვილის ნამუშევრებისთვისაა დამახასიათებელი, მისი ქანდაკებები ზოგადად ფიგურატიული ხელოვნების კონტექსტში რჩება. ის გამოირჩევა თამამი ფორმალური ექსპერიმენტებითა და პლასტიკური ექსპრესიულობის ინტენსიური ძიებით.
პაატა მერაბიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფერს, რომელსაც ის თამამად იყენებს თავის შემოქმედებაში. მოცულობების ნათელი, მონოქრომული გაჯერებული ფერები მნახველს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს მათი პლასტიკური თვისებები, დინამიკა, გამომსახველობა და რითმი.
პაატა საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა მოქანდაკედ მიიჩნევს თუმცა, ქანდაკების გარდა, ის ბევრ დროს უთმობს ფერწერას, გრაფიკასა და კოლაჟს. მისი მეტად ემოციური, დინამიკური და ჟღერადი ფერწერული ტილოები და კოლაჟები გაგრძელებას სკულპტურებში პოვებენ.
პაატა მერაბიშვილისთვის, იყო მოქანდაკე ნიშნავს – „ ყველაფრის სივრცეში აღქმის შინაგან მდგომარეობას, როდესაც თვით აზრსაც გააჩნია მოცულობა და ფერი“.
ამ განცდების ფორმად გადმოტანა — სიბრტყეზეც და სივრცეშიც — მისი მხატვრული ხედვის გამოხატულებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები