შალვა პაპუაშვილი: ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, საქართველომ აირჩია მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა
ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტრირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით.
სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს.
საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა – სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.