გიორგი ჩაკვეტაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ჩაკვეტაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქართულ-აზერბაიჯანულ ახალგაზრდულ ფორუმთან დაკავშირებით პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.
სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების კუთხით, აღნიშნული ფორუმის მნიშვნელობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პროექტის განხორციელებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტების – მიხეილ ყაველაშვილსა და ილჰამ ალიევის როლზე ისაუბრა.
ახალგაზრდული ფორუმი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი აზერბაიჯანში სამ ლოკაციაზე (გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში) 22-28 ივლისს ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების ორგანიზებით განხორციელდა და მასში 90 სტუდენტი მონაწილეობდა. ფორუმი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ ორი ქვეყნის კულტურას. პროექტი უახლოეს პერიოდში საქართველოში განხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ჩაკვეტაძე ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის – მილი მეჯლისსა და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში. გიორგი ჩაკვეტაძე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვევა.