KIU-ს სტუდენტები ჩინეთში გაემგზავრებიან და HUAWEI-ის გლობალურ კორპორატიულ პროგრამაში „Seeds for the Future“ ჩაერთვებიან
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ოთხი სტუდენტი HUAWEI-მ გლობალური კორპორატიული პროგრამისთვის – „Seeds for the Future“ შეარჩია. KIU-ს სტუდენტები იმ 10 გამორჩეულ ქართველ ახალგაზრდას შორის მოხვდნენ, რომლებიც 100-ზე მეტი აპლიკანტიდან შეირჩნენ. მათ წარმატებით გაიარეს რამდენიმე ეტაპი, რომლებიც მოიცავდა განაცხადების შეფასებას და გასაუბრებებს HUAWEI-ის ტექნიკური დეპარტამენტისა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, KIU-ს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის სკოლების სტუდენტები ერეკლე ბერიძე, მარიამ გოგოხია, მარიამ შონია და გიორგი ოთინაშვილი, HUAWEI-ის სრული დაფინანსებით, ჩინეთში გაემგზავრებიან და 2025 წლის 3-9 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ კორპორატიულ პროგრამაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე ახალგაზრდასთან ერთად ისინი გაივლიან ერთკვირიანი ინტენსიური გადამზადების კურსს. ეწვევიან HUAWEI-ის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და ექსპოზიციებს, დაესწრებიან სპეციალურ ICT კურსებს, გაიღრმავებენ ცოდნას ციფრული ინდუსტრიის შესახებ და განივითარებენ მეწარმეობრივ და ლიდერულ უნარებს.
„Seeds for the Future“ წარმოადგენს HUAWEI-ის წამყვან კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე (CSR) დაფუძნებულ გლობალურ პროგრამას, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ტრენინგებს უძღვებიან HUAWEI-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორები. პროგრამის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებით ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და წახალისება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და HUAWEI ოფიციალური პარტნიორები არიან. პარტნიორობის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წვდომა აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე, რესურსებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებზე. ასევე, სტუდენტებს გაუჩნდათ უნიკალური შესაძლებლობა, სტაჟირება გაიარონ HUAWEI-ის გლობალურ კომპანიაში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით,”- წერია ინფორმაციაში.