“ჰამასი” – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება
“ჰამასის” წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჰამასსა და ისრაელს შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება.
„ჰამასის“ წარმომადგენლის ბასემ ნაიმის განცხადებით, მას უთხრეს, რომ ისრაელის დელეგაცია კონსულტაციებისთვის მომავალ კვირას გაემგზავრება.
ნაიმი ამტკიცებს, რომ რამდენიმე საკითხი თითქმის მოგვარებულია, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის დღის წესრიგი, მუდმივი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გაგრძელების გარანტიები და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების წესი.
ისრაელის მხრიდან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.