კახეთში ატმისა და ვაშლატამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფელ გურჯაანში, ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში, ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ გეთიაშვილმა მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით განავითარა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსება დაახლოებით 20,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 240,000 ლარს აჭარბებს. ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება.
მინისტრმა ფერმერისგან წარმოების პროცესებთან დაკავშირებით არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბაღების გაშენების, ასევე სამაცივრე მეურნეობების და გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მხარდაჭერამ წარმოება გაზარდა, რაც პროპორციულად აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ატმის და ვაშლატამას ახალი ბაღების გაშენება საქართველოს მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, ინვესტიციის ოდენობა 4,3 მლნ ლარზე მეტია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,7 მლნ ლარს შეადგენს.
მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.