თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო – ალა სიმონიშვილი ესტუმრება
23 ივლისს, 11:00 საათზე, კამერულ დარბაზში (#307) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ესტუმრება მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო ალა სიმონიშვილი.
კონსერვატორიის ინფორმაციით, იგი სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს.
ალა სიმონიშვილმა (სასცენო სახელი – ალა სიმონი) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო და აკადემიური სიმღერის მიმართულებით.
შემდეგ 1990–1994 წლებში მომღერალმა სტაჟირება გაიარა იტალიაში, ჯერ ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში, შემდეგ კი პეზაროს როსინის სახელობის აკადემიაში – მარიო მელანის, ა. ძედდას, ა. ტონინის, ჩულეტტის, ს. სეგალინის ხელმძღვანელობით.
ალა სიმონიშვილი მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ პრესტიჟულ კონკურსებში, სადაც მრავალჯერ აქვს მიღებული ლაურეატის წოდება.
მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, პოლონეთში, სამხრეთ აფრიკაში,პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, იაპონიასა და კორეაში.
1997- დან დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში; 2010 წლიდან – პროფესორი, პეზაროს როსინის აკადემიის დოქტორი (1998); როგორც კონსულტანტი სისტემატურად ჩამოდის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ატარებს მასტერკლასებს.